ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრას დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც აღნიშნული უწყება განცხადებაში აღნიშნავს,  სამინისტრო რუსეთის მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასახვა აქტუალურ თემებზე, მათი განხილვა ან მით უმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრესრელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი.
შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე იხილეთ, რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

იტვირთბა....