ამის შემდეგ ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომია საბოლოო დასკვნას 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს. ბაქრაძის განცხადებით სამინისტროს „ძალიან დიდი და პოზიდიური მოლოდინი“ აქვს.
რა იქნება 15 დეკემბერს, ან მის შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოზიტიური დასკვნის შემთხვევაში, საქართველო პირდაპირ შეძლებს დაიწყოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის პროცედურები?
ამ საკითხზე „მეტრონომი“ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანლის, ხათუნა საღინაძისგან შევიტყვეთ, 15 დეკემბერს ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღება.
„ეს არის გეგმის შესრულების ტექნიკური შეფასება, ანუ დაიდება იმის ანგარიში, თუ გეგმა ტექნიკურად რამდენად არის შესრულებული და სწორედ ამის შემდეგ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ანგარიში არ წყვეტს ძალაში შესვლის პროცესს. თუმცა, მის საფუძველზე, ევროკავშირის მიერ უკვე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
გამომდინარე საზოგადოებრივი მოლოდინებიდან და ინტერესებიდან, ჩვენ დავინტერესდით რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას და კერძოდ სამინისტროს, 15 დეკემბრის და კერძოდ, ვიზალიბერალიზაციის საკითხის მიმართ. როგორც სამინისტროში გვითხრეს ტექნიკურ შეფასებასთან დაკავშირებით მოლოდინები პოზიტიურია, თუმცა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნები, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნებია რუმინეთი და ბულგარეთი, თუმცა ისინი არ არიან შენგენის ზონის ქვეყნები. თუ ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება ევროკავშირთან, მაშინ, საქართველოსთვის მიმოსვლის იგივე რეჟიმი იმოქმედებს რუმინეთთან და ბულგარეთთან, როგორიც შენგენის ზონის ქვეყნებთან.“- გვითხრეს სამინისტროში.
ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს. 2013 წლის 25 თებერვალს, ევროკომისარმა საშინაო საკითხებში, სესილია მალმსტორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად უნდა შეესრულებინა.