იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები არიან ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
ხვალ, 19 ნოემბერს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. საპროკურორო საბჭო თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრის კენჭს.
მთავარი პროკურორობის დამტკიცებული კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.
არჩევნებზე დაკვირვება შეეძლებათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების, მედიის წარმომადგენლებს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია.
“მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე, ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას”, – განაცხადეს უწყებაში.