დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვაკის რაიონში 20 ნოემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, რომ სატრანსპორტო საშუალებების უფასოდ დარეგისტრირების მიზნით პარკირების ზონებზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ.
მისივე თქმით, საათობრივი პარკირების ზონებზე განაწილებული ინსპექტორები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და საფასურის გადახდასთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციას ადგილზე უწევენ.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, რომლის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული უკვე ამოქმედდა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. შემდეგი ეტაპი უკვე 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკის რაიონში. კონკრეტულად ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილი და მისი მკვეთი ქუჩები. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სისტემის დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაკის მოსახლეობას, რომ ვინც ვერ მოახერხა დარეგისტრირება ავტომობილების, იმისთვის, რომ მათ ისარგებლონ უფასო პარკირებით, დროულად მიმართონ ადგილზე არსებულ მუნიციპალურ პავილიონებს. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონკრეტულ ლოკაციებზე და მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ განთავსებული მუნიციპალური პავილიონების მეშვეობით მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველანაირი სერვისით, რაც უკავშირდება პარკირებას, რეგისტრაციას, საფასურის გადახდას“, – განაცხადა კახა კალაძემ.