ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია გოლიაძის განცხადებით, საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე პაციენტებს იღებენ, თუმცა ადგილი მაინც არ აქვთ. მისი თქმით, კლინიკა სავსეა პაციენტებით, ხოლო იმ პაციენტებს, რომლებსაც სხვა კლინიკებიდან ან სახლიდან რეანიმაციაში გადაყვანა სჭირდებათ, ფაქტობრივად ვერ იღებენ. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა დამძიმებულია. ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.
“კლინიკა სავსეა პაციენტებით. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სხვა კლინიკებიდან ან სახლიდან რეანიმაციაში გადმოყვანა, პრაქტიკულად ვერ ვიღებთ. ამ წუთას ჩვენს კლინიკაში არცერთი პაციენტი არ წევს ისეთი, რომელსაც არ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. კლინიკის 80% გადასულია კოვიდპაციენტების მომსახურებაზე – მათი რაოდენობა ძალიან დიდია და მათგან უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან ხვდება, ჟანგბადის მომხმარებელია. მსუბუქ პაციენტებს ჩვენ ვერ ვიღებთ. ზოგადად, მსოფლიო მონაცემებით, სტაციონირებას საჭიროებს დაავადებულთა მხოლოდ 20%. უნდა მივცეთ ამ 20 პროცენტს საშუალება, რომ მკურნალობა კლინიკაში გააგრძელონ” – განაცხადა ლია გოლიაძემ.