ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მთელ მსოფლიოში დასარიგებლად დაუყოვნებლივ საჭიროა 4,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ეს განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისეუსმა გააკეთა.
„ვაქცინების შექმნის შესახებ გავრცელებული ბოლო სიახლეები ნიშნავს, რომ ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს. ახლა არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა გამოცდილი ზომები დაეხმარება მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, მსოფლიო ისტორიაში ჯერ არც ერთი ვაქცინა არ შეუქმნიათ ისე სწრაფად, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუმცა, ახლა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა, რომელიც ვაქცინის პლანეტის მოსახლეობისთვის თანაბრად განაწილებას გულისხმობს.
„ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაამკვიდროს ახალი სტანდარტი და უზრუნველყოს ვაქცინასთან წვდომა. ყველა მთავრობას სურს ყველაფრის გაკეთება, რათა საკუთარი ხალხი დაიცვას. თუმცა, ჩნდება საფრთხე, რომ ყველაზე ღარიბ და დაუცველ ადამიანებს ვაქცინის რიგში გაჭყლეტენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
მისივე თქმით, ვაქცინისა და სხვა საშუალებების მთელ მსოფლიოში დარიგებას დაუყოვნებლივ სჭირდება დამატებითი დაფინანსება.
„4,3 მილიონი დოლარი არის საჭირო, რათა მხარდაჭერილი იყოს ვაქცინების, ტესტებისა და მედიკამენტების დისტრიბუცია. მომავალ წელს კი იქნება საჭირო 23,8 მილიარდი დოლარი. ეს ქველმოქმედება არ არის. ეს არის ყველაზე სწრაფი და ჭკვიანური გზა პანდემიის დასასრულებლად და ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად“, -განაცხადა გებრეიესუსმა.
წყარო: 1tv.ge