ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გაეზრდებათ თუ არა ხელფასი ავტობუსის მძღოლებს?

როცა მერიის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი 800 000 ლარით იზრდება

2016  წელს თბილისის ბიუჯეტი 810 მლნ. 146 ათასი ლარით განისაზღვრა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრანტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა. მისივე ინფორმაციით, 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტს, დაახლოებით 75 მლნ. ლარით აღემატება.

ამ განცხადების მიუხედავად,  ჯანდაცვისა და სოციალურ უზუნველყოფაზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილია 214 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელ დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატება.

თბილისში მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მეტროსადგურის, ასევე კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგიროების რეკონსტრუქცია, რისთვისაც 7 მლნ. ლარია განსაზღვრული. პუშკინის ქუჩაზე იგეგმება ორმხრივი გზის მშენებლობა. მომავალი წლის ბიუჯეტით ასევე დაგეგმილია 9 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მათგან შვიდი მომავალ წელსვე დასრულდება.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის ადმინისტრაციის  ხარჯები მცირდება, თუმცა სამუშიას ზუსტად არ უთქვამს, რამდენით შემცირდება დედაქალაქის მერიის ხარჯები.

სამუშიამ ასევე გვამცნო, რომ თბილისელებს საკრებულოს ისტორიული შენობის შენახვა 2016 წელს 118 000 ლარით მეტი დაუჯდება.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე „მეტრონომთან“  საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა  ირაკლი აბესაძემ ისაუბრა.

„სანამ ბიუჯეტი შემოვიდოდა თბილისის საკრებულოში, ჩვენ თვითონ წარვუდგინეთ ჩვენი შეთავაზებები თბილისის მერს, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო ბიუჯეტში. აღნიშნული  შეთავაზებები პირდაპირ იყო მორგებული იმ პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე დედაქალაქში შექმნილი ინფრასტრუქტურულ პრობლემატიკასთან  დაკავშირებით. პირველ  რიგში, საუბარი იყო ხელფასების ზრდაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მძიმე საქმიანობას ასრულებენ. ვგულისხმობ  ავტობუსის მძღოლებს, კონტროლიორებს, მუშებს“. – ამბობს აბესაძე.

საკრებულოში მთავარი ოპოზიციური ძალის განცხადებით,  2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია  ჩინოვნიკების სახელფასო ფონდის დაახლოებით 7 მლნ. ლარით ზრდა, ასევე კონცერტებისა და რეკლამისთვის გამოყოფილი თანხების ზრდა.  აბესაძის  მტკიცებით, მერიის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი წელს 800 000 ლარით იზრდება. იმის გამო, რომ  თბილისის  ბიუჯეტი მთლიანად აცდენილია ქალაქის პრობლემატიკას,  „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს ამ ბიუჯეტს.

შეგახსენებთ, რომ  2016 წლის თბილისის  ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაწყებულია.

 

იტვირთბა....