ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდი კლინიკების მიმდებარედ დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები”- კლინიკების ასოციაციის მიმართვა მთავრობას

“სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდდამხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით,”- ამის შესახებ ნათქვამიი საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებაში,  რითიც მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.

გარდა ამისა, კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები.

“კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდდამხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით, რომელიც მრავლად გვყავს აკადემიურ წრეში, ამავე დროს სასურველია არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტში და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები (100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით)”, – ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრებენციის მიზნით აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების გატარება, თუმცა არა სრული “ლოკდაუნი.”

“ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია:

· მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი – “დარჩი სახლში,”;

· შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები;

· შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსში და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. (ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია ვინაიდან ვირუს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს);

· სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა;

· ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი;

· სილამაზის სალონებში რეკომენდებულია დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

· სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტი, რომლის რეზულტატი ცნობილია 10-15 წუთში”, – ნათქვამია განცახდებაში.

ცნობისთვის, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 108 690  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 89 170  გარდაიცვალა – 1 012.

იტვირთბა....