“საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტია უკვე მოშიმშილე სხვადასხვა ქალაქში”
“პატრიოტთა ალიანსის” ოთხი წევრი, შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „მეტრონომს“ „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.
„დღეს სამის ნახევარზე სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა ჩაფიძის კლინიკაში ემზარ კვიციანი, ადა მარშანია და კიდევ ორი მოშიმშილე, რომლებიც 10 დღეა შიმშილობენ. მე ახლა ექიმს ვესაუბრე და სტაბილურია მათი მდგომარეობა ამ დროისთვის, მიდის რეაბილიტაციის პროცესი. ჩვენ გამოვაცხადეთ ყველა მოშიმშილარის საყურადღებოდ, რომ თუ ვინმეს აქვს დიაბეტი, თუ ვინმე თავს ცუდად გრძნობს, არ მიიყვანოს საკუთარი ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვრამდე. მანამდე შეგვატყობინოს ამის შესახებ, ექიმი გვყავს, რომელიც გვემსახურება და რომელიც მუდმივად ამოწმებს ყველას ჯანმრთელობას. დღეს თავი კარგად ვერ იგრძნეს ქალბატონმა ადამ და ბატონმა ემზარმა და ამიტომ გადავიყვანეთ კლინიკაში. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანების სოციცხლეზე, ჩვენ მიზანი არ არის ვინმე გარდაიცვალოს შიმშილისგან“.
„მეტრონომი“: ამ დროისთვის კიდევ რამდენი ადამიანი შიმშილობს კანცელარიის წინ?
ირმა ინაშვილი: „დაახლოებით 70 კაცამდე შიმშილობს კანცელარიის წინ, საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტია უკვე მოშიმშილე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ხელისუფლება არ გვაძლევს ელემენტარულ თავშესაფრის მოწყობის საშუალებას და ახლაც წვიმაა მოსალოდნელი და საშინელი ქარია. ასეთ მომენტებში, ჩვენ მოშიმშილეები სამარშრუტო ტაქსებში და მანქანებში გადაგვყავს.
„მეტრონომი: სადამდე აპირებთ შიმშილობის აქციის გაგრძელებას?
ირმა ინაშვილი: ეს ჯერ გაურკვეველია, არ შეწყდება ჯერჯერობით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ავკრძალეთ სამოცდაათი წლის ზემოთ ადამიანებისთვის შემოერთება ჩვენს აქციაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვისაც აქვს დიაბეტი და სხვა მძიმე დაავადებები ვერიდებით ჩავრთოთ ჩვენს აქციაში.“
ინაშვილმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები უკავშირდება 2016 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
„პატრიოტთა ალიანსის“ შიმშილობის აქცია კი კანცელარიის წინ უკვე 10 დღეა მიმდინარეობს.