ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ვირუსის პრევენციის მიზნით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, ხოლო რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, შეზღუდვები იმ დონეზე უნდა იყოს, რომ ეკონომიკა და ბიზნესი არ შეფერხდეს.
“თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,”- ნათია თურნავა.
მისივე თქმით, თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები აქედან გამომდინარე იმსჯელებენ ზამთრის კურორტებზე.