ბათუმში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდს კორონავირუსი არ ჰქონდა.
მათივე თქმით, გოგონას კლინიკაში გადაყვანამდე ტემპერატურა არ აღენიშნება, ჰქონდა მომატებული აზოტი.
როგორც ოჯახი აცხადებს, რეანომობილს არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. მოზარდს ესაჭიროებოდა ჟანგბადი და მიწოდება დროულად არ მოხდა.
”დაახლოებით ღამის ორის ნახევარი იყო, შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა მოსთხოვეს და ნახევარი ჰქონდათ გადასხმული, უკვე სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი აზოტი ჰქონდა მაღალი. კლინიკა, რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.
კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო, რომ ამბობენ ეგ აწყობთ მაგათ. არავის არ აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო”, – უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბაბუამ.