ლევან იზორია აცხადებს, რომ საზღვართან აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სირიაში წასვლას გეგმავდა
საქართველო მონაწილეობას იღებს საერთაშორისო უსაფრთოების ოპერაციებში კოსოვოში, ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ავღანეთში. ამავე დროს, ჩვენო მოქალაქეები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან.
პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეზე სერიოზული საუბრები დაიწყო.
„ქართულ ენაზე ISIS -ის პროპაგანდისტული არაერთი ვებ-გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.
„გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს.“ -ამბობს იზორია.
ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ასეთი ვებ-გვერდი ფუნქციონირებს. Islam Georgia.com – ეს გვერდი ქართულად ავრცელებს მოწოდებებს და მუსლიმებს სირაიში ომისკენ მოუწოდებს. აქ გავრცელდა 56 წლის მურმან პაიჭაძის მიმართვა, რომელიც წალკის რაიონის სოფელ კოხტას იმამი იყო. ის სირიაში საბრძოლველად ორი თვის წინ წავიდა. პაიჭაძე, ახლა უკვე აბუ ასია ალ-ჯუეჯსია, ღიად ემუქრება საქართველოს.
„თქვენ ურწმუნოებო! რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნებიდან? საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით, მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება. ეს პროცესი შეუქცევადია და ალაჰის ნებით მოვალთ საქართვეელოშიც და დამყარება სამყაროს გამჩენისა და ბატონი უზენაესი კანონები“ – ნათქვამია სირიაში მებრძოლი ჯიჰადისტის განცხადებაში.
Kalifati.worldpress.com კიდევ ერთი ქართულენოვანი საიტია. აქ ვრცელდება „ისლამურ სახელმწიფოში“ მიმდინარე ამბებზე ინფორმაცია.
სირიაში ყველაზე დიდი მებრძოლთა ჯგუფი პანკისის ხეობიდან არიან წასული. მათ შორის 29 წლის მებრძოლი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანია. ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაურია.
ბარითაშვილი რამდენჯერმე დაემუქრა რუსეთს ჯიჰადით, საქართველოსაც განიხილავს „საღვთო ომის“ მიზნად. სწორედ ამ მიზნით შექმნა მან „კავკასიის ვილაიეთი.“
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებოდა „ჰეზბოლას“ (სირიაში მებრძოლი ჯიჰადისტების ერთ-ერთი დაჯგუფება) საველე მეთაური საიად ალ ბაჰადი, თუმცა, იზორიამ უარყო ეს ინფორმაცია.
საქმე ეხება, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათს, სადაც ბაჰადი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდის“ წინ არის გადაღებული.
აშკარაა, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში ძალიან ბევრი ISIS პროპაგანდისტული საიტია და ხელისუფლების მხრიდან, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა გავიდეს.
ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს საზღვარზე დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, იზორიას ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსვლას და შემდეგ სირიაში გამგზავრებას გეგმავდა.