სახლის მისამართზე პრაქტიკულად “ანონიმკა” მომივიდა. ჯერ მირეკავდნენ ტნტ-დან სასამართლოდან წერილი უნდა ჩაგაბაროთო – ამის შესახებ ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკოსზე და არა მხოლოდ, იცის ბევრი რამ, მაგრამ არასდროს ეს ინფორმაცია არ გამოუყენებია პოლიტიკური ან სხვა მიზნებისთვის.
“ხალხო, სახლში, სახლის მისამართზე პრაქტიკულად “ანონიმკა” მომივიდა. ჯერ მირეკავდნენ ტნტ-დან სასამართლოდან წერილი უნდა ჩაგაბაროთო. მეთქი ისევ ზ. დევდარიანი რომ მიჩივის, მაგის სხდომა ჩაინიშნა ან რამე. წეღან დამადგა სახლში ვიღაც ბიჭი, ფოსტიდან ვარო, გავაღე, პატარაია აქ ცხოვრობსო? მეთქი მე ვარ. მომაწოდა დიდი კონვერტი და პირდაპირი მნიშვნელობით გავარდა. არადა ფოსტა ხელმოწერას ითხოვს ხოლმე, ამოვატრიალე კონვერტი და არც უკანა მხარეს აწერია რამე. გავხსენი, ზოგჯერ ორ კონვერტში დებენ და მეთქი იქ იქნება მისამართი, მაგრამ არაფერი. ამოვიდა ძალიან ცუდი ხარისხის ამოპრინტერებული ასლი ბრალის დადგენილებისა. ურთულესი წასაკითხია, პრაქტიკულად არ იკითხება. მივიწერე ჩემ იურისტებს, მეთქი ეს რა არის, სახლში რატო მომდის, ეს რანაირად მოხდა, რომელი საქმეა. დავიწყეთ გარჩევა, გარკვევა, მსჯელობა. მივხვდით, რომ არაა ჩვენი ბენეფიციარის საქმე. შევნიშნეთ, რომ 8 წლის წინანდელი ბრალია. და უცბად ერთი ცნობს ბრალდებულის სახელს – პოლიტიკოსია…
ნუთუ, მოქმედი პოლიტიკოსის ძველი საქმე ასე კონსპირაციულად მომიტანეს სახლში იმიტომ რომ ყოფილ ცოლზე მოძალადე საჯაროდ გამომევლინა?
არ ვიცი, რა ვიფიქრო.
ერთს კი გეტყვით: ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკოსზე და არა მხოლოდ, ვიცი ბევრი რამ, მაგრამ არასდროს ეს ინფორმაცია არ გამომიყენებია პოლიტიკური ან სხვა მიზნებისათვის.
მხოლოდ ის საქმეები საჯაროვდება, რომელშიც მსხვერპლი თავად ითხოვს საჯაროობას, რადგან ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცული იქნება მისი ინტეტესები. და ცხადია, გახმაურებული საქმის ყველას ეშინია, რადგან საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ ექცევა და ძალიან რთულდება ჩაწყობა და მაქინაციები.
მოკლედ, თუ ეს უცნაურობა მხოლოდ იმიტომ მოაწყვეთ, რომ მოძალადე პოლიტიკოსი გამოავლინოთ, გირჩევთ, პირდაპირ ჟურნალისტებს მიმართოთ. მე უფლებადამცველი ვარ და მაქვს ჩემი პროფესიული ეთიკა. (ზოგს კი პირშიც უთქვამს “სკანდალისტკა” ხარო, მაგრამ ეგ სიმართლე არ გახლავთ, გენაცვალე. მე მხოლოდ იმ ქალების უფლებებს ვიცავ, ვინც მომმართავს და მხოლოდ მათი სურვილით ვახმაურებთ საქმეებსაც)”, – წერს პატარაია.