ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერაბიშვილი და ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

პროკურატურის პრესამსახურმა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ  ადეიშვილი, საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილია 2004 წელს მომხდარი სისტემური დანაშაული, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, აჭარის ა/რ უშიშროების სამსახური და ეროვნული ბანკი.
მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ პროცესს კი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
გაგაცნობთ გამოძიებით დადგენილ იმ დანაშაულებრივ სქემას, რითაც მოქმედებდნენ ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევისას, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა. კერძოდ, 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით,  ქ. ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, მათ შორის აჭარის ა.რ უშიშროების მინისტრი აკაკი ცინცაძე და აჭარის ა.რ. პროკურორი გივი პაპუაშვილი. თათბირზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლები.
თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები დაკავშირებული იყვნენ აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რის გამოც აუცილებელი იყო  ბანკის  მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო  მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს.
ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ეროვნული ბანკისა და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლებს და ,,საზღვაო ბანკის“ ლიკვიდატორებს უნდა შეედგინათ სიები კრედიტორების და მათ მიერ დასაფარი თანხების თაობაზე, აჭარის უშიშროების სამსახურს უნდა მოეპოვებინა ცნობები მსესხებლების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და ეს ინფორმაცია გადაეგზავნათ პროკურატურაში, მათ შორის პირადად ზურაბ ადეიშვილთან, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს კი სამართალდამცავ ორგანოში უნდა დაებარებინათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მსესხებლები და ნებისმიერი ფორმით მათგან მოეთხოვათ ბანკიდან აღებული კრედიტების უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებით დადგენილი კრედიტის დაფარვის ვადა არ იყო ამოწურული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.
ხსენებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც.
აქედან გამომდინარე, გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძვნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ხსენებული ღვინის ქარხნის აქციების 89.060 %, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინსვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას.
აჭარის ა.რ. პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შეუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.
აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ  სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუა ღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „რთველი XXI“-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს.
ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდეთ რამოდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....