ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადავარდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
„დღეს, დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”,- განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.