ტერორისტები ახალ თავდასხმებს მხოლოდ საფრანგეთში კი არა, მთელ ევროპაში გეგმავენ – ბიბისის ცნობით, ამის თაობაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა რადიოსადგურ RTL-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება, არამარტო საფრანგეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგაც”, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პარიზში განხორციელებული ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა. პრემიერ-მინისტრმა ისიც დაადასტურა, რომ გუშინ, საფრანგეთის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდები პარიზში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდება.