საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციელებს აქვთ გამოცდილება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული როგორც ძალადობის საგანი. მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
„თითოეულ პოლიციელს გვაქვს არაერთი გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა, რათა პოლიციელები დააზიანონ. დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება, საფრთხე შეექმნას, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს.
არსებობს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ და რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებებით“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
რუსტაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვლიას” სამი აქტივისტი დააკავეს. ამას წინ უძღოდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება. მარიამ დოლიძის განცხადებით, პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.