“ჩემთვის სულ ერთია, სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია, წესები დაიცვან,” – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ოპოზიციის აქციებზე კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომელი ორგანიზაციაც ატარებს აქციას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი წესების დაცვაზე.
“ჩემი საქმე არის ერთნაირი რეკომენდაციის მიცემა ყველასთვის. ეკლესიას რომ ვაძლევდი, ეკლესიამ დაიცვა სხვათაშორის და ძალიან კარგად მოიქცნენ. ახლა იგივეს ვეუბნები სხვებსაც.
ჩემთვის სულ ერთია, სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია, წესები დაიცვან. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ვინც ატარებს და ვინც არის ორგანიზატორი, იმათმა უნდა უზრუნველყონ წესების დაცვა, მე ხომ არ მივალ იქ, რომ დისტანცია დაიცვან,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა. აქედან მძიმედ 619 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.
ამასთან, 2 438 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 31 370 ადამიანია.