უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევიდან 638 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 316 თბილისში მკურნალობს, 100 – აჭარაში. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 293 პაციენტი იმყოფება, 150 – თბილისში, 94 – აჭარაში.
15 332 აქტიური ინფიცირებულიდან 4 489 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, 2 446 პირი კოვიდ-სასტუმროში, 8 397 კი – ბინაზე.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 კი გარდაიცვალა. სულ 15 332 აქტიური შემთხვევაა.