ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეიარაღებულები “ალაჰ აკბარს” ყვიროდნენ

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. “ეს იყო სისხლისღვრა”, – ამბობს “სიენენ”-თან საუბარში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც თავდასხმის დროს თეატრში იმყოფებოდა.
ფრანგულმა სპეცრაზმმა თეატრის შტურმი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდამსხმელებმა მათ აცნობეს, რომ შეიარაღებულები არიან და მოლაპარაკებები არ სურთ. შტურმის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პრემიერ-მინისტრი, შსს-სა და იუსტიციის მინისტრები. თვითმხილველები ამბობენ, რომ თეატრში შეჭრილი ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ყველა მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებული მამაკაცები, თეატრში შეჭრისას, “ალაჰ აკბარს” ყვიროდნენ.

კიდევ რამდენიმე თავდასხმა სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ქუჩაზე მოხდა, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა რესტორნებში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც “ბიბისი” წერს, ტერორისტების მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა “ისლამური სახელმწიფო” ახსენა და განაცხადა, რომ მომხდარი ოლანდის დანაშაულია, რადგან სირიაში ჩარევა გადაწყვიტა.
ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.
პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ “დიდი ოცეულის” სამიტს აღარ დაესწრება.

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90 -მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

იტვირთბა....