„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების ეხმაურება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკეთესი იქნება, თუ ყოფილი პრეზიდენტი ჩამოყალიბდება.
„პირველ რიგში აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე და საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში დღეს არის შეკრებილი – ოპოზიციის ლიდერები, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე წავიდნენ და ხმა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ და ისინი ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ. აი აქ გადის ბროძლის ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ მისი პრემიერ-მინისტრობის და წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით – ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილება, უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება,“- განაცხადა ბაქრაძემ.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცახადება, რომელშიც ის წერს, რომ საქართველოში
პოლიტიკურ დევნილობის გამო ვერ ბრუნდება.
„თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის რომ, ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის“. – წერს სააკაშვილი.