ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის ქეთი კობერიძის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,დილიდან უგონოდ ვზივარ… ხან ისტერიულად მეცინება, ხანაც ვტირი, ხანაც საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ….მთელი დღეა ვკითხულობ ადამიანების ისტორიებსა და მოგონებებს. მინდოდა მეც რაღაცნაირად გამოვსულიყავი მდგომარეობიდან და მომეყოლა თქვენთვის ჩემი ქეთის ისტორია… …ჩვენი ამბავი დაიწყო 12 წლის წინ, ჯერ კიდევ ბალეტიდან. როდესაც ქეთი პატარა, ცისფერთვალება, ქერათმიანი, პუტკუნა, ულამაზესი გოგო იყო. აი ისეთი, ბარბის პატარა ბალერინები რო არიან…პუანტებს სულ რომ კარგავდა ხოლმე და შემდეგ ამაზე ნერვიულობდა…
რამდენიმე წლის შემდეგ, მე, ქეთი და ელენე აღმოვჩნდით ერთ კლასსში. მე და ქეთიმ უფრო კარგად გავიცანით ერთამანეთი, შემდეგ დავმეგობრდით, მეტიც, ერთი დღეც არ გადიოდა ისე, რომ ერთმანეთისთვის არ დაგვერეკა. ხანდახან დღე ისე გადიოდა ლაპარაკში რომ ვერ ვხვდებოდით. დღემდე ვერ ვხვდები რა გვქონდა ამდენი სალაპარაკო… დრო გადიოდა…ჩვენც ნელ-ნელა ვიზრდებოდით, ახლა უფრო ბევრს ვსაუბრობდით მაშინ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე…
სულ ყველგან ერთად დავხეტიალობდით, ქეთის ბაბუა დაგვატარებდა ხოლმე აქეთ-იქეთ, ერთმანეთის გარეშე იშვიათად თუ გავიდოდით სადმე. სკოლაშიც სულ ერთად ვიყავით, ერთად ვაკეთებდით დავალებებს, ერთ მერხთან ვისხედით რამდენიმე წელიწადი, ბევრს ვმაიმუნობდით, ოღონდ მართლა. ვიცინოდით, ვერთობოდით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არასდროს ვჩხუბობდით…
ერთ დღესაც, უკვე როდესაც მივუკაკუნეთ მერვე კლასის კარს, მირეკავს ქეთი და მეუბნება:
-აუ მარ, რაღაც უნდა გითრა და არ გაბრაზდე ეხლა იცოდეო
….ჩუმად ველოდებოდი როდის იტყოდა ისეთ რაღაცას რომ ჭკუიდან გადავეყვანე.. და უცებ მეუბნება:
– სხვა სკოლაში გადავდივარ.
ამ სიტყვების გაგონებაზე ტირილი დავიწყე, ვეუბნებოდი რომ იქნებ რამენაირად გადაეფიქრებინა და ჩვენთან დარჩენილიყო.
თუმცა ვერაფერს გავხდით ვერც მე და ვერც ის. თვითონაც ძალიან უჭირდა, ჩვენი კლასი სიგიჟემდე უყვარდა, როდესაც ჩვენი ბიჭები ფეხბურთის მატჩს მოიგებდნენ, პირველს ქეთის ვწერდი, ის კი იქიდან სიხარულით და სიყვარულით გვილოცადა…. ჩვენს ექსკურსიებზეც ხშირად დადიოდა, შეძლებისდაგვარად მოდიოდა ხოლმე ჩვენს სანახავად.
ჩემი ქეთი ასეთი იყო. მხიარული, ცქრიალა, სუფთა გულის გოგო, ფერადი და უბრალოდ კარგი ადამიანი. რაც არ უნდა მომხდარიყო ყოველთვის რომ შენს გვერდით იქნებოდა…არასდროს არ ავიწყდებოდა არც დღესასწაული, არც დაბადების დღე, არც შობა, არც აღდგომა, არც ახალი წელი.
მერვე კლასში, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთ გაკვეთილზე შემოვიდა და დაბადების დღე მომილოცა…სიხარულით ჯერ გავოცდი, შემდეგ აქაც ვიტირე…რამდენიმე წლის წინ ოპერიაცია რომ გავიკეთე, ქეთი იმ დღესვე მოვიდა ყვავილებით ხელში, არ ვიცი როგორ, რანაირად მოახერხა, მაგრამ მაინც ამოვიდა ჩემს პალატამდე…სასტიკად გაბრაზდა მაშინ, ექთნებმა რომ უთხრეს, ყვავილების შემოტანა არ შეიძლებაო. მაგრამ ქეთიმ მაინც შემოიტანა.
იმაზე რთული ყოფილა მეგობრის დაკარგვა ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ბოლოს, ზუსტად ერთი კვირის წინ მივწერე:
,,ქეთუ სად ხარ? როგორ ხარ? მომენატრე”- თუმცა, პასუხი აღარ გამცა…
მიყვარხარ ქეთუ, თანაც ძალიან. ვერასდროს დაგივიწყებ, ყოველთვის ჩემს გულში და გონებაში იქნები. რამდენი საათი, დღე, თვე და წელიწადიც არ უნდა გავიდეს…
მეგობრებო, უფროსებო, ნათესავებო, ნაცნობებო და უცნობებო, თქვენ კი ერთს გთხოვთ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმენათს, რადგან როგორც ჩანს, კოვიდი მართლაც იმაზე ვერაგი ყოფილა, ვიდრე ჩვენ გვეგონა.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ” – წერს მარიამ ჩიბურდანიძე.
საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა.