“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან “ფორმულას” გადაცემა “კომენტარში” განაცხადა. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, მისთვის დეტალები უცნობია, თუმცა ამბობს, რომ რურუაზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაკვეთა იყო:
“ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ. როგორც ჩანს, ეს იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც ეს ხელისუფლება მუშაობს, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს” – თქვა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.