“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ არჩევნების დღეს “რადიკალური ოპოზიციის” “დესტრუქციული გეგმების” ნაწილი მათი მედიასაშულაბებიც იქნებიან.
ნოდარ მელაძის განცხადებით, TV პირველი არა ერთხელ გამხდარა სახელისუფლებო გუნდის ინტერესის ობიექტი, რადგან ეთერში მწვავე კრიტიკული სიუჟეტები გადის. მისივე თქმით, ვანო ჩხარტიშვილი პირადად დაემუქრა მას საგამოძიებო რეპორტაჟის მზადების გამო, ხოლო ტელეკომპანიის დამფუძნებლის ოჯახის წევრს ღიად ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, თუ სარედაქციო პოლიტიკას არ შეიცვლის.
„ჩვენ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარისაგან მოვისმინეთ ინფორმაცია, ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ჟურნალისტების ფარული მიყურადება და თვალთვალი. ეს ამბავი ჩვენ დღემდეც ვიცოდით და ნებისმიერი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ძალიან მარტივად ამჩნევს ხოლმე, როდესაც მას უკან დაყვებიან ან როდესაც ტელეფონით უსმენენ. თუმცა, დღეს ჩენ გვაქვს ოფიცილური აღიარება – ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელი პირი აღიარებს, რომ დია, ჟურნალისტებზე მიმდინარეობს ფარული მოსმენა და თვალთვალი. ახლა პირველი, რაც საჯარო სივრცეში აღიარების შემდეგ ალბათ ირაკლი შოთაძემ უნდა გააკეთოს, უნდა დაიწყოს გამოძიება – რის საფუძველზე მიმდინარეობდა ჟურნალისტების ფარული მოსმენა და თვალთვალი და ამის პარალელურად შოთაძემ მინიმუმ დღესვე უნდა დაიბაროს დაკითხვაზე პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კობახიძემ უნდა მისცეს ჩვენება, თუ ვისი დავალებით და ვინ მოუსმინა ტელევიზიის ჟურნალისტს ფარულად.
ნატო გოგელიასა და ოპოზიციის ერთ-ერთ ადგილობრივ წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა გუშინ დილით, როდესაც გოგელია ამზადებდა რეპორტაჟს, თუ როგორ აპირებდა „ქართული ოცნება“, პროდუქტით მოესყიდა გურიაში ამომრჩევლები. გოგელია არკვევდა დეტალებს, თუ საიდან აღმოჩნდა საწყობში განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ბოსტნეული, რომლის შესყიდვის სამართლებრივი დოკუმენტები შესყიდვების სააგენტოზე არ არსებობდა. ეს საუბარი გრძელდებოდა დაახლოებით 4 წუთზე მეტ ხანს, ამის დამადასტურებელი ამონაწერები ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს და სავარაუდოდ, ამ საუბრის შინაარსი გადაუთარგმნეს ირაკლი კობახიძეს და, შესაბამისად, დღეს ბრიფინგზე პრაქტიკულად იურისტმა კობახიძემ საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
ის, რომ ტვ პირველი არის ხელისუფლების სამიზნე, ეს ახალი ამბავი არ არის, რადგანაც ჩვენი გამოძიებები და არხის მუშაობა უქმნის სერიოზულ დისკომფორტს. ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეუძლიათ ყურადღებით მომისმინონ იმიტომ, რომ არასდროს არც ერთ პოლიტიკოსთან კომუნიკაცია არ ჩამიწერია, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ჩავწერო, და შემდეგ პირადი საუბარი არ გამისაჯაროებია:
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ვამზადებდით შაბათის ეთერისათვის ჟურნალისტურ გამოძიებას და უბრალოდ კომენტარზე დავურეკეთ „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილს, მასთან მიმდინარეობდა საუბარი და ავტომატურად იყო ჩაწერის რეჟიმზე, სადაც ვანო ჩხარტიშვილი პირადად დამემუქრა მე და ამის აუდიო ჩანაწერიც არსებობს. თავდაპირველად ცდილობდა, რომ შეხვედრა დაეორგანიზებინა ჩემთან არაფორმალურ გარემოში. ერთ-ერთ გამოძიებაზე ვმუშაობდით ჩვენ და, სავარაუდოდ, ფიქრობდა, „დაალაგებდა“ ჩემთან საქმეს და იმ თემას არ გავაშუქებდით, მთხოვდა შეხვედრას, შემდეგ, როდესაც მიიღო უარი, ამის შემდეგ გადმოვიდა ღია მუქარაზე.
ამის შემდეგ ტვ პირველის დამფუძნებლის მამას ხვდებიან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ანუ ისიც არის ფარული თვალთვალის ობიექტი, რადგან კარგად იცოდნენ ამ ადამიანებმა, დღის რომელ მონაკვეთში დადიოდა მარტო სასეირნოდ ასაკოვანი ადამიანი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ორი სპორტული პირი ცდილობს დაარეკეტოს ეს ადამიანი და ეუბნება, რომ თუ ტვ პირველი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს. ამ ამბიდან გავიდა ათ დღეზე მეტი და პოლიციამ რა გააკეთა? – არაფერი. ვერც კი დაადგინეს, თუ ვინ აშანტაჟებდა დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელის ოჯახის წევრს და ითხოვდა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკლის შეცვლას. ფორმალურად გამოკითხეს და ამით ამბავი დამთავრდა“ – განაცხადა მელაძემ.