ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის”- კალაძე

„ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის!“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ  მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას პროექტის განხორციელებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხბურთო ცენტრი ხელს შეუწყობს მომავალი სპორტსმენების აღზრდას.

“მიხარია, რომ გლდანში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა -გაიხსნა ახალი საფეხბურთო ცენტრი. მადლობას ვუხდი ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. დედაქალაქში ასეთი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა, რომელიც ქართველებს თანდაყოლილი გვაქვს, გამოავლინოს და განავითაროს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მართალია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა აუცილებელია.

ბოლო პერიოდში გლდანში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და მომდევნო წლებში კიდევ მეტი გაკეთდება. მხედველობაში მაქვს სტადიონები, სკვერები, პარკები, საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონის და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერმა, ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იტვირთბა....