სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, დღეს არის თვითიზოლაციაში მყოფთათვის ბოლო ვადა, რომ დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“) და მოითხოვონ გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
მისი განმარტებით, ცესკო გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანს მხოლოდ მათ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხვაში იმყოფება, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირი (ინფიცირებული, თუ კონტაქტში მყოფი).
„სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში.
ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს.
სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა შეძლოს“. – განაცხადა ომბუდსმენმა.