აზერბაოჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამომავლო ვითარება როგორ განვითარდება, ამაზე ახლა თქმა შეუძლებელია, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთ მხარეზე არაა დამოკიდებული. ამის შესახებ ალიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევის თქმით, მას სურს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული გახდეს და სომხეთთანაც იიგვე სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს, როგორც საქართველოსთან აქვს.
„მსურს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული იყოს. მსურს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჩვენ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან, გვაქვს, მომავალში, გარკვეულწილად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნიმუში გახდეს, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა მოდის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც დღეს, 26 ოქტომბრიდან დილიდან ამოქმედდება.
მანამდე, 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ხოლო, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.