პროექტი, რომელიც ქვეყანას 15-20 წლით წინ წაწევს
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “კარფურის” ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია.
“მე შეხვედრა მქონდა ბატონ ივანიშვილთან, ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო უნდა დაფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან, რეალურად, ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა ეს იყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.