BBC თბილისში გადაღებულ MTC -ის რეკლამაზე წერს
BBC საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. საქმე ეხება, უმსხვილეს რუსულ მობილურ ოპერატორ კომპანიას MTC-ის სარეკლამო რგოლს, რომელიც საქართველოშია გადაღებული. სტატიაში ნათქვამია, რეკლამაში არსად არის ნახსენები, რომ ეს კლიპი თბილისშია გადაღებული. ამ საკითხზე საქართველოს კულტურის მინისტრმა კომენტარიც გააკეთა.
„სამინისტროს სარეკლამო რგოლის გადაღებაზე ნებართვა არ გაუცია და თუ თბილისის ხედები ისეა წარმოდგენილი თითქოს ეს რუსეთია, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია ამაზე ნეგატიური იქნება.“ – განაცხადა მინისტრმა.
კლიპთან დაკავშირებით, კომენტარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც გააკეთა.
„ამ კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით, შეთანხმების საჭიროება მერიის მხრიდან არ არსებობს.“ – ამბობს ნარმანია
თუმცა კლიპში ნათლად ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირი გადაკეტილია და გზის გადაკეტვას კი მერიის თანხმობა სჭირდება. ჩვენ აღნიშნული კითხვით მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს დავუკავშირდით, თუმცა ბატონმა ლექვინაძემ ტელეფონი გაგვითიშა, მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა კი რამდენჯერმე სინქრონში გაგვიმეორა, რომ „მერიაში რეკლამის გადაღების შესახებ მერიაში არანაირი ოფიციალულური წერილი არ შემოსულა.“
BBC სტატიის ბოლოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მიმოიხილავს. ავტორის თქმით, ორ ქვეყანას შორის დაძაბული ვითარებაა 1991 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.