შინაგან საქმეთა მინისტრი არ ამბობს, იდენტიფიცირებულია თუ არა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი ყაჩაღი, რომელსაც 43 მძევალი ჰყავდა. ის ასევე არ ამხელს, გასულია თუ არა თავდამსხმელი საქართველოს ტერიტორიიდან.
“დიდი ბოდიშის მოხდით, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, გამოძიება მიდის, მაშინ უნდა გამოვიტანოთ და ღია ეთერში დავიწყოთ…ვერ გეტყვით ამას” – ამბობს გომელაური.
კითხვაზე, გამოძიებას შეუშლის ხელს იმის თქმა, იდენტიცირებულია თუ არა? – შს მინისტრი პასუხობს: “რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის, არ იცით, რომ ხელს შეუშლის? გამოძიების თემაა ნამდვილად”.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.