“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენლები 12 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ, რომელსაც დაზარალებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაიაც დაესწრება.
“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” და მისი წევრი ორგანიზაციები ადვოკატ, გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს გმობენ. ისინი მოითხოვენ, მომხდარს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს და უმოკლეს ვადაში გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენლები მოითხოვენ, პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას.
მდინარაძის ინტერესებს “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” უფლებადამცველთა მობილური ჯგუფის იურისტი, ეკა ქობესაშვილი და ადვოკატი მუხრან ღურწკაია იცავენ.
საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია, დაზარალებული პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკითხეს.
“საქართველოში ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ პოლიციელებს ხელი შეეშალათ ადვოკატისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და ფიზიკურად გასწორებოდნენ მას” – ამბობენ “ადამიანის უფლებათა სახლში”.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი მდინარაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სცემეს. მისი ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში, სამმართველოს უფროსის გარდა, პოლიციის სხვა ცალკეული თანამშრომლების მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.