ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მე გადაწყვეტილებას მივიღებდი და სპეცოპერაციას ჩავატარებდი” – გენერალი

„მე მივეკუთვნები მეთაურთა იმ კატეგორიას, რომლებიც ოპერაციას მინიმალური დანაკარგებით ასრულებენ. ამიტომ, ვამბობ, რომ ეს იყო უნაკლო ოპერაცია, რადგან მძევლები გადარჩნენ. როცა მძევლებზეა საუბარი ყველანაირი პოლემიკა დასრულებულია“ – ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეცრაზმი ჰყავს და პრობლემა გადაწყვეტილების მიმღებთა რგოლში უნდა ვეძებოთ. როგორც მან აღნიშნა, თუ თავდამსხმელს ხელყუმბარა გახსნილი არ ჰქონდა, მაშინ დამნაშავის ლიკვიდაციისთვის სნაიპერების მოქმედება საკმარისი იქნებოდა.

„პრობლემა არის გადაწყვეტილების მიმღებ რგოლში. როცა შემცირდა მძევლების რაოდენობა და საფრთხემ იკლო, ალბათ მე გადაწყვეტილებას მივიღებდი და სპეცოპერაციას ჩავატარებდი, რა თქმა უნდა, წინასწარი მომზადებით“ – აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

იტვირთბა....