ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა შეაქო და არასამთავრობოები გააკრიტიკა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში მომუშავე არასამთავობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა. მისი თქმით, ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს. ივანიშვილმა ერთ-ერთ მაგალითად ეკა გიგაური დაასახელა.
“არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოთ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებაა. საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, რითაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ არანაირი უკანონო მოსმენები არ ხდება.
“მე დღეს გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენას, ისეთი კაცი უდგას სათავეში უშიშროების სამსახურს, რომ უკანონობას არ იკადრებს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.