ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობს
ეუთო ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე “ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი“. – განუცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ევროსაბჭოსა და ეუთოს კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ.
“უამრავი უმეცარი განცხადება გააკეთა “სახალხო პარტიამ”. ის ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე “ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი”. იგივე ევროსაბჭომ და ეუთომ – რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან “ისინი”, იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება”,
– ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “დვალი და ხალვაში იბრძვიან წართმეული ქონების დასაბრუნებლად”.
” აჟიოტაჟი არის დიდი, მაგრამ ისევ შევახსენებ მოსახლეობას რეალურ ვითარებას – დვალი და ხალვაში იბრძვიან წართმეული ქონების დასაბრუნებლად. ისინი არიან ერთ მხარეს, მეორე მხარეს წარმოადგენს გამოკვეთილად გვარამია და მთელი “ნაციონალური მოძრაობა” მეპატრონე ყარამანიშვილებთან ერთად, რომელიც ბოლოს მოქოქეს, მაგრამ ვერ მოქოქეს, ანუ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთოს წარმომადგენელის მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩის განცხადებას, სადაც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებების შესახებ, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას.
“სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს “ნიუსრუმებში” და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა, გავლენა მოახდინოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე, წარმოადგენს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძვლების დარღვევას. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას სცეს პატივი “რუსთავის 2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას”, – ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.