ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი პროკურატურის პასუხს ელოდება
„ გუშინ, ღამის 2 საათზე მოგმართეთ რომ შევკრებილიყავით ასოციაციაში. დღეს იმდენი ადვოკატი მობრძანდა ოთახში ვერ დავეტიეთ, ძალა ერთობაშია მეგობრებო! ჩვენი ერთად დგომა არის გამარჯვება. ხვალ, დღის ბოლომდე ხელისუფლება, თუ არ დააკავებს გიორგი მდინარაძის მწამებლებს, შეკრებილმა ადვოკატებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავიფიცებით და არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას. პირადად მე ვიწყებ შიმშილობას“. – ამბობს ხატიაშვილი.
„მეტრონომმა“ სცადა დაკავშირება „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარესთან, თუმცა, ასოციაციაში გვითხრეს, რომ იგი დაკავებულია.
ჩვენთან კომენტარი გააკეთა პრესსამსახურის უფროსმა ეკა ხიმშიაშვილმა.
„ ბატონი ზაზა შიმშილობას დაიწყებს თუ არა, ეს დამოკიდებულია დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა.“
მისი თქმით, უფრო დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით ასოციაცია დღეს საღამოს გააკეთებს განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მდინარაძე სცემეს.