„მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია.
„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.
ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“. – აცხადებს პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.
ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.
ინტერნეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.