საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სკოლაში სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისის 130-ე სკოლაში მომხდარ ამბავს სამინისტროს შიდა აუდიტი და მონიტორინგის სამსახური დღეს დილიდან იკვლევს.
„იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდა დირექტორის დანაშაული, მაქსიმალური სანქცია იქნება გამოყენებული“ – თქვა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 130-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის მშობლის რუსა ამირეჯიბის წერილი ქსელში გუშინ გავრცელდა – მშობელი წერს, რომ კანის ფერის გამო მის შვილს სკოლაში არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა, სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებსა და მასწავლებელს კი ამ ამბავზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. რუსა ამირეჯიბის თქმით, მის შვილს კანის ფერის გამო თანასკლასელმა შეურაცხყოფა გაკვეთილზე მიაყენა, მასწავლებელმა კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონა.
„მეტრონომი“ ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა რუსა ამირეჯიბს, რომელმაც ადვოკატთან კონსულტაციების მიღებამდე ინტერვიუსგან თავი შეიკავა.
უახლოეს მომავალში ჩვენ ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ საქართველოში რასობრივი და სხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ.