პრეზიდენტ ობამას თანაშემწე რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრის ფაქტს იხსენებს
„სირიაში რუსეთმა მსოფლიოს საკუთარი შეიარაღებული ძალების ახალი შესაძლებლობები დაანახა” – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თანაშემწე, სელესტ უოლანდერი რუსულ გამოცემა “მედუზასთვის” მიცემულ ინტერვიუში. კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ შემიძლია, თუმცა ნამდვილად დავრწმუნდით, რომ რუსეთს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან რთული ოპერაციების ჩატარება შეუძლია და საქართველოში ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა. რუსეთს ახლა ძალიან ეფექტური შეიარაღებული ძალები ჰყავს“.
მისი თქმით, უკრაინის მაგალითზე რუსეთმა მსოფლიოს დაანახა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის, ევროპის საზღვრების ცალმხრივი შეცვლის მიზნით, მზად არის სამხედრო ძალა გამოიყენოს, მეზობელი ქვეყნის განვითარება კი, სამხედრო და პოლიტიკური მეთოდების საშუალებით განსაზღვროს.
„ეს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრებსაც უქმნის საფრთხეს” – დასძინა უოლანდერმა – ნატო რუსეთს პირდაპირ მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს, თუმცა იძულებულია, საკუთარი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები მიიღოს. 2014 წლიდან ნატომ, ურთიერთმოქმედების გაძლიერებისკენ მიმართული სწავლების სერია ჩაატარა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო ნატომ ანალოგიური ზომები „საქართველოში მომხდარი კონფლიქტის“ შემდეგ, სელესტ უოლანდერი პასუხობს: „განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი “საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ”.
“საქართველოში ინტერვენციამ დაარღვია ევროპაში უსაფრთხოების შესახებ უამრავი შეთანხმება და გაეროს ქარტია. ჩვენ ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. ჩემი მოსაზრებით, განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც უკვე იმყოფებოდნენ რუსული ჯარები (მშვიდობისმყოფელთა სახით). ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვენცია დაშვებული იყო, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ეს შერჩებოდა. დონბასში კი, რუსული ჯარები არ იყვნენ.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინტერვენცია წინ უსწრებდა მოვლენებს უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, დონბასი გაცილებით უფრო სარისკო ოპერაცია იყო. მოვლენები უკრაინასა და სირიაში გვიჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის, სამხედრო ძალა სულ უფრო სარისკო ოპერაციებში გამოიყენოს”, – ამბობს ობამას თანაშემწე რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.