ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ე.წ. “შვედურ მოდელთან” დაკავშირებით საუბრობს.
აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ე.წ „შვედურ მოდელთან“ დაკავშირებით:
– ბევრი ტერმინებით რომ არ გადაგღალოთ, მხოლოდ ორს ვახსენებ.
– რამდენი ტესტია საკმარისი და რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში, სერიოზული შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება? ამის მინიმუმ 3 მარკერი არსებობს, მაგრამ ყველაზე ადექვატური არის დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი (ანუ ჩატარებული ტესტების რა პროცენტია დადებითი). სასურველი რიცხვი არის 5-10% (https://nyti.ms/31q4tTf).
– ჩვენთან თუ მსგავს პროპორციას დავაკვირდებით, ბოლო დღეებში ეს პროცენტი 13%-ს გადაცდა (1186 დადასტურებული/9000მდე ჩატარებული ტესტი), რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი დიდი ალბათობით უფრო მეტია ვიდრე ვიჭერთ
– როდესაც „შვედურ მოდელზე“ ვსაუბრობთ, მთავარი კითხვაა რა არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი – ანუ პოპულაციის რა პროცენტმა უნდა გადაიტანოს ინფექცია იმისათვის, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს – ეს ციფრი დამოკიდებულია გადაცემის ინდექსზე (Ro), რომელიც იცვლება ბევრი ფაქტორის გავლენით. (https://bit.ly/3dLOG6k). ეპიდემიის აქტიური გავრცელებისას (https://bit.ly/34gxl1Z) საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი არის დაახლოებით 50-67% (https://bit.ly/37oBrqL). აბა თუ მიხვდებით აპრილის ბოლოს სტოკჰოლმის რა პროცენტს ქონდა დადებითი ანტისხეული, ანუ გადატანილი ინფექცია? – 8%-ს!!!! (https://bit.ly/37rWLf8) ანუ ჩვენი ნანატრი შვედეთი რამდენად შორსაა ამ გზით იმუნიტეტის მიღწევისგან, მარტივი გამოსაანგარიშებელია. ამ დროს, სიკვდილობით 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ ბრიტანეთს, ესპანეთს, იტალიას და ამერიკას ჩამორჩება
– მარტივად, საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის 1.8 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანმა უნდა „გადაიტანოს“ ინფექცია, რაც ნიშნავს ~260,000 მძიმე შემთხვევას და ~55,000 ლეტალურ გამოსავალს – ეს თეორიული ციფრებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც კი მივუახლოვდებით!
– ამასთანავე, იმუნიტეტის მახსოვრობა/ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ იმუნიტეტთან, ანუ თუ ვირუსით რეინფიცირება ხდება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულდება; ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი შემთხვევა და მხოლოდ 5 რეინფიცირებაა გენეტიკური მეთოდით დადასტურებული (https://bit.ly/2TdBHkg) ეს ჩემთვის თავისთავად წარმოადგენs გამონაკლისს და ამტკიცებს წესს, რომ მინიმუმ ერთ სეზონზე იმუნიტეტი დამცავი იქნება
– სწორედ აქ ხდება ვაქცინის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მთელს სურათს ცვლის – ვაქცინა ჩემი აზრით აუცილებლად იქნება (https://bit.ly/31r3HW8), რაც ბუნებრივი ინფექციის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ერთადერთი რეალური საშუალებაა; რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა და რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს დატოვებს მოსახლეობაზე, ამას ვნახავთ, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ვაქცინის ლოგისტიკა იქნება (ფასი, დისტრუბუცია)
– მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ქვეყნის „ჩაკეტვას“ ან ეკონიმიკის გაჩერებას არანაირად არ ვემხრობი – შეზღუდვა უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, მოქნილი და უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სფეროს (მაგალითად, თუ დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი რჩება 5%-ზე დაბალი 2 კვირის განმავლობაში, არადისტანციური სწავლა შესაძლოა განახლდეს, მაგრამ მასობრივი შეკრებები ისევ აკრძალული დარჩეს… ასევე მაგალითისთვის, სავალდებულო ნიღბის ტარების შემოღებამ არიზონაში კოვიდის შემთხვევები 75%-ით შეამცირა ზაფხულის განმავლობაში https://bit.ly/3dJv9TS). ასე თავიდან ავიცილებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ნიჰილიზმს ისედაც ძალიან დაბნეულ მოსახლეობაში
#ჩვენშვედეთიარვართ
#კოვიდისახადიარარის”, – წერს მაჩაიძე.