უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ავიატორს“ („აჭარაბეთს“) იძულებითი მოცდენის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დაევალა ნათია ნიშნიანიძისთვის, რომელმაც კომპანიაში მუშაობა კონკურსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო.
პროფკავშირების ინფორმაციით, ნიშნიანიძე გამოცხადდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა, მუშაობის დაწყებიდან მესამე დღეს ის სამსახურიდან უკანონოდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
„ნათიამ მომართა პროფკავშირებს და ეს საქმე გასაჩივრდა სასამართლოში. მოპასუხე მხარე ამტკიცებდა, რომ ნათიასთან შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ არსებობდა, რადგან მასთან შრომთი ხელშეკრულება არ იყო დადებული.
მართალია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ეს მსჯელობა და ნათიას უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ და შემდგომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგინდა შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი და იძულებითი მოცდენის სახით ნათიას სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს დაევალა ერთი წლის ხელფასის ანაზღაურების გადახდა“, – აცხადებენ პროფკავშირებში.