სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მთავრობას მიმართავს.
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში მოსახლეობას განუმარტოს, როგორ უნდა იმკურნალონ სახლში დაინფიცირების შემთხვევაში.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები და არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას.
“შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში: მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება”, – წერს ლომჯარია.
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, გასცეს პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება.
საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს ინფიცირების 1186 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.