კლინიკაში სამკურნალოდ მოთავსებული კოვიდპაციენტები და იზოლაციაში მყოფი პირები 31 ოქტომბერს ხმის მიცემას შეძლებენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ პირებთან არჩევნებზე გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.
მისი ტქმით, აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
“სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.
სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისი ტქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.