ნაცემი ადვოკატის მეუღლე მეტრონომთან დეტალებზე საუბრობს
„აკავებ ადვოკატს – ეს ერთი, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ სცემ და შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს ისეთ მდგომარეობაში, როცა ხელბორკილი ადევს და არანაირად არ შეუძლია თავის დაცვა. – ამბობს პოლიციიც განყოფილებაში ნაცემი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მეუღლე სალომე ჭყონია “მეტრონომთან” – ხელბორკილი უფროსის ოთახში შეყვანისას დაადეს. ცემითაც უფროსის ოთახში ცემეს“.
პოლიციის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში ნაცემ ადვოკატს, დღეს გამოწერენ ელისაბედ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალიდან. „მეტრონომი“ ჰოსპიტალში მყოფ მის მეუღლეს, სალომე ჭყონიას მომხდარი ამბის დეტალებზე ესაუბრა.
“მეტრონომი”: ამ ამბავს თავად უფროსი ესწრებოდა?
სალომე ჭყონია: დიახ, ესწრებოდა და მგონი ამ ყველაფრის სათავეშიც ის იდგა. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როცა გიორგის სამსახურიდან დაურეკეს და ღამის 2:15 საათზე გავიდა არასრულწლოვნის დასაცავად. განყოფილებაში მისული არასრულწლოვნის დედას გაესაუბრა, მისგან გაიგო, რომ გათენებისთანავე მეორე ადვოკატის აყვანას აპირებდნენ. ამიტომ, გიორგიმ თავის დაცვის ქვეშ მყოფს დუმილის უფლების გამოყენება შესთავაზა, მაგრამ ეს პოლიციას რატომღაც არ მოეწონა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს /ადვოკატს/. ფაქტი სახეზეა – სასტიკად ნაცემია. მისი მხრიდან არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფას /პოლიციელების მიმართ/ადგილი არ ჰქონია. პირიქით, თავდაცვის დროს, გიორგიმ მხარზე ხელის დადებით მოუწოდა სიმშვიდისკენ, ეს გახდა მიზეზი, რომ მერე უფრო სასტიკად გასწორებოდნენ. ჩემს მეუღლეს პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი არასოდეს ჰქონია.
სალომე ამბობს, რომ გიორგის ცემის ამბავი სრულიად შემთხვევით შეიტყო, როცა ტელეფონზე ურეკავდა და მობილურის სენსორზე შემთხვევით თვითონ პოლიციელებს დაეჭირათ ხელი:
„ტელეფონზე შემთხვევით მისი განწირული ხმა გავიგე: „ხელი გამიშვით, ნუ მირტყამთო“ . მანამდე 5-6-ჯერ დავურეკე და არ მპასუხობდა. – ამბობს სალომე. მისი თქმით, ბოლო დარეკვისას, (უშუალოდ პოლიციასთან უთანხმოების დროს, როცა ხელში ჩაეჭიდნენ და ტელეფონის წართმევა სცადეს, რომ არ ეპასუხა) სენსორზე დაეჭირათ ხელი და დაახლოებით ოთხი წამის განმავლობაში მისი /გიორგის/ ყვირილი ისმოდა. მაშინ კი მივხვდი, რომ მშვიდობა არ იყო. მერე გიორგის უფროსს დავურეკე, იურიდიული სამსახურის უფროსს.ერთად მივედით /პოლიციის განყოფილებაში/. თვითონ კომახიძესაც არ ანახეს გიორგი, ორი საათის განმავლობაში იზოლირებული ჰყავდათ პოლიციის შენობაში და უკვე ზემდგომ ინსპექციებს რომ მივმართეთ, მხოლოდ ამის მერე გამოუშვეს“.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი მდინარაძე გუშინ ღამით სცემეს პოლიციის ვაკე-საბუთალოს მეხუთე განყოფილებაში. მისი ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებულლი, საქმე 333 მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული.