ღარიბაშვილს “გამორჩეული მეგობრების” შეშფოთებაზე საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია
შეშფოთებული ვართ საქართველოში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენებით , – ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვიღწვით რა საერთო მიზნებისთვის, ეს პრინციპი ევროპული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია.
“ჩვენ ძალიან ნათლად გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ ის ქვეყნები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგულნი არიან”,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს, სადაც ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერს და დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
,,ჩვენთვის ესტონეთი გამორჩეული მეგობარია, ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ, ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და ამას ვუფრთხილდებით,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე ტაავი რიივასის მეუღლემ, ლუიზა ვარკმა სპეციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და სტუმრებისთვის ნინა სუბლატის სიმღერა შეასრულა.
ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა ასევე, მისასალმებელ სიტყვაში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. ტაავი რიივასის თქმით, საქართველო და ესტონეთი ერთმანეთის მეგობარია და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის განცდა, ემოცია. ესტონეთის პრემიერმა ქართველ კოლეგასთან არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი.
,,ძვირფასო ირაკლი, მე ჭეშმარიტად მადლიერი ვარ ამ მეგობრობისთვის. ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს შემიძლია დაგირეკოთ და ვიცოდე, რომ მყავს ისეთი მეგობარი, ვინც ამ ზარს უპასუხებს,” – განაცხადა პრემიერმა რიივასმა.
ძნელი სათქმელია ამჯერად პასუხობს თუ არა ღარიბაშვილი მეგობრის ზარებს, მაგრამ ერთი ვიცით, რომ ჯერჯერობით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესტონეთის საგარეო უწყების შეშფოთებაზე, საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია…