“ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ყველა ქართველისთვის ძალიან ემოციურ თემას, დავით გარეჯს არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო. ჩემთვის უკადრებლის კადრებაა ის, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და შემდეგ გავიწყდება.”
დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც არჩევნების მოსაგებად ყველაფერს აკეთებს, „ოპოზიციის მისამართით ამ თემაზე ის ვერანაირ ხელის გამოშვერას ვერ მიიღებს“.
შეგახსენებთ, გუშინ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვ იმედის” ეთერში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საკითხზე საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.