“დავუშვათ ასე იყო, სიტყვიერ შეურაცხყოფას ნახევარი საქართველო ერთმანეთს აყენებს და ამის გამო უნდა სცემონ ადვოკატი”?
ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. მდინარაძის განცხადებით, მას ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში პოლიციელები გაუსწორდნენ. ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფი გახდა, რადგან მდინარაძემ ურჩია არასრულწლოვან ბრალდებულს დუმილის უფლება გამოეყენებინა.
„მეტრონომი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
„პოლიციის განყოფილებაში როდესაც იმყოფებოდა ეს პირი ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით იცავდა კონკრეტული პირის უფლებებს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურცხყოფა, რაც გახდა მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავების საფუძველი. დაკავებისას სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა. იმ დღესვე მოხდა მისი განთავისუფლება ხელწერილის საფუძველზე. მან მიმართა გენერალურ ინსპექციას, რის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. შემდეგ კი პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე“ – განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ირმა ჭკადუას.
„გამოვრიცხავ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა ადვოკატს მიეყენებინა, მაგრამ დავუშვათ ესე იყო, სიტყვიერ შეურაცხყოფას ნახევარი საქართველო ერთმანეთს აყენებს და ამის გამო უნდა სცემონ ადვოკატი? მითუმეტეს პოლიციელმა, რომელსაც თმენის მეტი ვალდებულება აქვს და სახელმწიფოს წარმოადგენს.“
ნაცემი ადვოკატი ამჟამად სხეულის დაზიანებებით საბურთალოს ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.