„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მისი შეფასებები, რომელსაც მთელი ამ ჩართვის განმავლობაში აკეთებდა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის მიხეილ სააკაშვილი.
„ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მთავარი იყო მისი შეფასებები, რომელსაც მთელი ამ ჩართვის განმავლობაში აკეთებდა, რომ ეს არის სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი შავი პიარსვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე, რომელიც ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, თუმცა ამ დროს ასე არ არის. რეალობა არის ის, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ახლა ცდილობს, მარტო იმის ხაზგასმით, რომ სხვები მასზე უარესები არიან, ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ საქმეში მზად არის გაწიროს უდანაშაულო ადამიანები, ასეთები არიან ივერი და ნატალია, რომლებიც ახლა ციხეში სხედან სრულიად წარმოუდგენელი ბრალდებით, არაფერი დაუშავებიათ. ასე ის მზად არის, გაწიროს ეროვნული ინტერესები, მათ შორის აზერბაიჯანთან მიმართებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ“,-განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ოქტომბერს ტელეკომოანია „იმედის“ ეთერში დავით გარეჯის საქმეზე ისაუბრა.