ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო განმარტავს, რა შემთხვევაში არ დაიშვება მოქალაქე საარჩევნო უბანზე

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილება შეიმუშავა, რომლითაც არჩევნების დღეს მისული მოქალაქეებისთვის წესები განისაზღვრა.

ცესკო-ს დადგენილებით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველი ვალდებულია, პირბადე ატაროს, ხოლო მას პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს.

ამასთან, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის ტარებაზე უარს იტყვის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

“ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.

დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის მოხსნაზე უარს იტყვის, არ დაიშვება კენჭისყრის ოთახში და მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი,”- ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

“სხვა ყველა შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. თუ პირი არ დაიცავს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს, ის ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად პირი გააგრძელებს პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე“, – ნათქვამია ცესკოს დადგენილებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

იტვირთბა....