თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ტვ-იმედის” ეთერში დავით გარეჯის საქმეს გამოეხმაურა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში მშვიდობა მანამ არ იქნება, სანამ მტრული ძალები სამუდამოდ არ აიკრძალება.
“რეალურად, რაც ჩვენ გვესმის ახლა ამ ადამიანებისგან, მოაღალატე პოლიტიკოსებისგან… გამოდის ის, რა სიტყვა უნდა ვიხმარო ახლა, ბაქრაძე და თქვენ პრეტენზიას უყენებთ აზერბაიჯანსო? ომის დროს, ეს არარაობა მოსახლეობას მოუწოდებდა, გამოდით, ჩანგლებით დაიცავითო, გარბოდნენ თვითონ ეს… არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ეს მტრული ძალა სამუდამოდ აიკრძალოს ამ ქვეყანაში. მშვიდობა არ იქნება, მეგობრებო, მუდმივი დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსის მცდელობა ხდება ამ წლების განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
გამოძიებამ საქმეზე ბისნეზმენი დავით ხიდაშელის დაკითხა, რომელმაც პროკურატურას დედანი რუკები გადასცა და რომლის საფუძველზეც საქმე აღიძრა.