ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში” – ზ.ხ-ს ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს ის წყალში.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, გადააგდეს თუ არა შაქარაშვილი ბრალდებულებმა წყალში.

„ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი – ვინ მიაყენა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები და როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, არცერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა როგორ მიაყენეს შაქარაშვილს ამ პირებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში. ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ პირებს რაიმე სახით გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა ჰქონდათ. სასამართლოს ჩვენ პოზიციას დავუფიქსირებთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი ესაა. მნიშვნელოვანი ის არაა, აგარაკზე რომ დაიწყო კონფლიქტი, ასევე როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ეპიზოდი ძალადობის ნაწილში არ არის, ამაზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურას შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ რომელი მტკიცებულებით ადასტურებს შემხებლობას გარდაცვლილ შაქარაშვილთან იმ ბრალდებულების, რომლებიც ამ საქმეში არიან წარმოდგენილი. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც გამამართლებელი განაჩენია”,- განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....